English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი მალაშხია
მომხმარებლური ზედმეტობა - გამოწვევა კაცობრიობის წინაშე

 

 

            სტატიაში  ევდემონისტური  ხედვის  -  ადამიანთა ბედნიერების   თვალსაზრისით, განხილულია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მოვლენის – მომხმარებლური ზედმეტობის  ეკონომიკური, სოციალური და ეთიკური ასპექტები; წარმოდგენილია  სამომხმარებლო ზედმეტობის რაობა, სახეობები, წარმოქმნის  მიზეზები და  სოციალურ - ეკონომიკური შედეგები, ნაჩვენებია სამომხმარებლო ზედმეტობის ადგილი ადმიანთა ცხოვრებაში და  მისი შეფასება საზოგადოების სხვადასხვა   ფენის მიერ.

            ავტორი   ააშკარავებს   ადამიანთა  ჯანსაღი     მოთხოვნილებებისა და გონივრული  მოხმარების უნარის  განსაზღვრულობას;   ზედმეტი დოვლათის გამოყენებისა და დაგროვების   უაზრობას.           

           ნაშრომში   განიხილულია   მომხმარებლური ზედმეტობის  გამოვლინებები,  მათი წარმოშობის  ეკონომიკური, სოციალური და ეთიკური მიზეზები,   რაც ახსნილია  მომხმარებელთა  ფსიქოლოგიური  თავისებურებით, ასევე სოციალური და ეკონომიკური გარემოთი.   ყურადღება გამახვილებულია იმ ნეგატიურ შედეგებზე საზოგადოებისათვის, ცალკეული ინდივიდისათვის,  რაც თან ახლავს ადამიანთა ყოფის ამ მოვლენას.   ზედმეტი დოვლათის გამოყენებისა და დაგროვების მასშტაბები წარმოდგენილია  ზომიერებისა და გონივრულობის,  ნამდვილი და მოჩვენებითი  სიკეთის,   თვალთახედვით.

              დასაბუთებულია რამდენად მნიშვნელოვანია  მომხმარებლური ზედმეტობის დაძლევა  ცალკეული ადამიანისა და მთელი კაცობრიობისთვის, რაც მომხმარებლის სუვერენიტეტს  კი არ ეწინააღმდეგება, არამედ  შეესაბამება მის და საზოგადოების ინტერესებს.    გაკეთებულია დასკვნა, რომ  მომხმარებლური  ზომიერება   მნიშვნელოვნად  შეამსუბუქებს   საყოველთაო  კეთილდღეობის,  ბედნიერების ეპოქის  დამკვიდრებას,  ეკოლოგიური და  სოციალური საფრთხეების დაძლევას.  ამდენად,   მომხმარებლური ზედმეტობის  დაძლევა  წარმოდგენილია, როგორც     კაცობრიობის   პროგრესის  ერთ-ერთი   აქტუალური პრობლემა.

 

საკვანძო სიტყვები:  მომხმარებლური ზედმეტობა,  სამომხმარებლო საზოგადოება, ჯანსაღი მოთხოვნილებები, მოხმარება,  დაგროვება, ზომიერება, ჰედონიზმი,  ფუფუნება,, უქმი ეკონომიკა, სამომხმარებლო ძალა.  მომხმარებლის სუვერენიტეტი, საყოველთაო კეთილდღეობა   

                                              

 

შესავალი

 

ყოველგვარი ზედმეტობა  ბუნების  საწინააღმდეგოა

                                                 ჰიპოკრატე

                                                                              ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ამდენი 

                                                                              უსარგებლო  ნივთი   გვჭირდება.

                                                                                                      ოსკარ  უალდი

                                                                               დიდი სიმდიდრე - დიდი მონობაა

                                                                                                     სენეკა

 

                 ადამიანთა   მიერ  დოვლათის  ზედმეტი  მოხმარებისა და დაგროვებისადმი   მიდრეკილება  და სიხარბე    თვალში საცემია.მას შემდეგ, რაც  გაჩნდა ქონებრივი  უთანასწორობა და მოსახლეობის  გარკვეულ ნაწილში ერთგვარი სიუხვე,   ეს  მიდრეკილება არსებობს.  ის  მძაფრდება თანამედროვე     მსოფლიოში სიმდიდრის   და სიღარიბის  თანაარსებობის პირობებში. მას დიდი ზიანი მოაქვს.  თავისი ტენდენციითა და მოსალოლნელი შედეგებით  საფრთხესაც წარმოადგენს   კაცობრიობისათვის.  სამომხმარებლო ზედმეტობის  დაძლევა     კაცობრიობის  წინაშე  აშკარა გამოწვევაა, რაზედაც იქნება დამოკიდებული   ახალი  ადამიამური და ბედნიერი სზოგადოების ჩამოყალიბება. 

         მოხმარების სფეროში  ზედმეტობის  არსებობას უძველეს დროში (ძვ.წ.აღ.VI–Vსს.) ამჩნევდა  დიდი  ჩინელი  ფილოსოფოსი  ლაო ძი, რომელიც წერდა: ,,სამეფო კარი თუ ბრწყინავს, მინდვრები კი გახრიოკებულია, ბეღლები დაცრიელებული. დიდებულნი თუ ძვიფასეულობით შემოსილან, ბრწყინვალე საჭურჭლით შეჭურვილან, უკადრისობენ მდაბიურ სუფრას და ფუფუნებაში ყელამდე ჩაფლულან, ეს ავაზაკობა და ზვიადობაა“  (ლაო- ძი 1990, 123).      

           „ზედმეტის“  კატეგორიის  ირგვლივ  მსჯელობას  ვხვდებით  ძველი  დროის     აზროვნების კორიფეების  პლატონისა  და არისტოტელეს    შრომებში (ძვ.წ.აღ.V–IVსს.)  ,,ის, რაც აჭარბებს ზომიერ ბუნებას და ის, რაც მასზე მეტია სიტყვით და საქმით,  ნამდვილად არის  ზედმეტი.“  (Платон  1871,   45-47).  არისტოტელე ზედმეტსა და უკმარს განიხილავდა,  როგორც საშუალოდან, სასურველიდან გადახრას    (Аристотель 1984 ,  88 , 87, 118, 215).

           ზედმეტი  მოხმარება  შემდგომაც   სხვადასხვა დროის    მრავალი მოაზროვნის განხილვის საგანია. ამის დასტურად   მოვიყვან  ცალკეულ გამონათქვამებს: ,,ვინც  უარი თქვა ზედმეტზე, მან  თავი დააღწია უქონლობას,“ აღნიშნავდა გენიალური  ი. კანტი. ,,გამოიყენეთ, მაგრამ არა ბოროტად.  არც თავშეკავებას,  არც  ზედმეტობას არ მოაქვს ბედნიერება,“ - ქადაგებდა ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი  ვოლტერი. დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი წერდა: ,,სამოქალაქო საზოგადოება გვაძლევს როგორც არაჩვეულებრივი ფუფუნების, ზედმეტობის, ისე სიღატაკის  და მათი საერთო ნიშნის ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების  მაგალითს“  (Афоризмы и цитатаы   2018, 24.) და  ა. შ .

 ხალხის  დამოკიდებულება ზედმეტობისადმი   ჩანს  მის გამონათქვამებში:

           სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენათა შემეცნების დღევანდელ ეტაპზე   უეჭველია  დოვლათის  ზედმეტი   მოხმარებისა და დაგროვების    მრავალმხრივი   გაცნობიერების საჭიროება ცხოვრების თანამედროვე პირობების გათვალისწინებით. ფაქტია, რომ დღეისეთვის სათანადოდ არაა გაცნობიერებული   ამ  თემის მეცნიერულ გაშუქების აუცილებლობა, მას არ აქვს სათანადო ადგილი   ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში.

               ქვემოთ შევეცდებით შუქი მოვფინო ამ თემის უმთავრეს საკითხებს ევდემონისტური, ანუ  ადამიანთა ბედნიერებაზე  გავლენის  კუთხით. მთლიანობაში, მსურს გარკვეული წვლილი შევიტანო  „ზედმეტის“  კატეგორიის   თეორიული და პრაქტიკული ასპექტების   გააზრებაში.

 

ზედმეტის, ანუ არასაჭიროს ეკონომიკური    არსი

 

               ჯერ კიდევ მე-XIXს საუკუნის ბოლოს ამერიკელი  ეკონომისტი, სოციოლოგი და ფუტუროლოგი   ტ. ვებლენი წერდა: ,,საზოგადოებაში თავიანთი გავლენა რომ დაამკვიდრონ, ადამიანები იძენენ ძვირფას, ფუფუნების საგნებს, რომლებიც ცხოვრებისთვის აუცილებელს არ წარმოადგენს. მდიდრები  აღტაცებულნი არიან იმით, რომ ისინი მდიდრები არიან“ (Веблен Т. 1984,   , 70).

            სადღეისოდ, ფრანგი ფიოსოფოსის, სოციოლოგისა და კულტუროლოგის           ჟ. ბოდრიარის მიხედვით, ,,დასავლეთში ყველგან წარმოების ეგზალტირებული გმირების ბიოგრაფიები შეცვალა მოხმარების გმირების ბიოგრაფიებმა“  (Бодрийяр Ж. 2019, 50).

  უწინარესად  ჩამოვაყალიბებ მოხმარების სფეროში  ზედმეტობის  ჩემეულ გაგებას: ზედმეტად, ყოფით სფეროში     შეიძლება  ჩათვალოთ  ყველაფერი ის, რასაც არ მოაქვს  რეალური სარგებლობა (სიკეთე )   ადამიანებისათვის, საზოგადოებისათვის,  რაც,   ჯანსაღი აზრით,   არაა საჭირო, ხელის შემშლელი  ან საზიანოა.  ეს ეხება  საკვების  მიღებით  დაწყებულ,  ყოველგვარ  მოქმედებას  თუ  ობიექტს. ზედმეტი დოვლათის ფლობა  იმის გამო  არსებობს,  რომ ადამიანის   რეალური  სამომხმარებლო  უნარი შეზღუდულია,  ხოლო   მოთხოვნილებები  საერთოდ შეიძლება სჭარბობდეს მას.  ჯანსაღი აზრით, რეალური სარგებლობის   ზღვარზე მეტი  დოვლათის  მოხმარება და ფლობა არის   ზედმეტი. ზედმეტის სწორად გაგებისას არ უნდა დავეყრდნოთ სარგებლიანობის  ფაქტს.  სარგებლიანობად  მიიჩნევენ   მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, როგორც  კეთილდღეობის წყაროს. მას კი, ბევრ შემთხვევაში, არ მოაქვს რეალური სიკეთე  (სარგებლობა) ადამიანისთვის, რადგან არსებობს არასასარგებლო, არარაციონალური მოთხოვნილებები და ადგილი აქვს მოჩვენებით, ყალბ სიკეთეს, რის მაგალითები  ჩვენს თვალწინ  უხვადაა. ამიტომ     ზედმეტზე მსჯელობისას  ვეყრდნობი  რეალური სარგებლობის  და რეალური სიკეთის  ფაქტს, როგორც    ადამიანებისათვის ჭეშმარიტი საჭიროების გამომხატველს.

          ხაზი   უნდა  გაესვას  ცხოვრების  მოვლენათა  რეალური  (ნამდვლი)   არსის ადეკვატურ  გაგებას   და   მისგან გადახრილი, ყალბი, მოჩვენებითი (ილუზიური)  წარმოდგენის   დაძლევის მნიშვნელობას. არაჭეშმარიტი შეხედულებები სოციალური სფეროს მოვლენებზე   ფართოდაა გავრცელებული  და ადამიანებს ხელს უშლის  სწორი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, საბოლოოდ, სწორ, ნამდვილად  სასარგებლო   ქცევაში, რაც შესააბამისად აისახება  მათ კეთილდღეობაზე. 

         მოხმარების  აზრის, ხასიათისა და შედეგების  ღრმად  გარკვევისთვის პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რეალური სარგებლობა და განვასხვაოთ ის  მოჩვენებთისაგან, ირეალურისაგან.   რეალური  სარგებლობა   -  ესაა მოხმარების ის შედეგი, რომელიც ადამიანის ნორმალურად აღიარებული ბიოსოციალური და სულიერი არსებობისა და განვითარებისათვისაა აუცილებლი. მოჩვენებითი,  არასაჭირო ასევე არსებულია, მაგრამ არ აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე საერთოდ , ან აიხასება უარყოფითად. მოთხოვნლებები მათი დაკმაყოფილების  მიხედვით, მართებულია  დავყოთ ჯანსაღ, გონივრულ, ანუ  რეალური სარგებლობის (სიკეთის) მომტან  მოთხოვნილებებად   და არაჯანსაღ,  არაგონივრულ მოთხოვნილებებად, რომელთა დაკმაყოფილებას არ ახლავს ნამდვილი სიკეთე  ან ადამიანებისთვის, არაიშვიათად, საზიანოცაა.   ის თავისთავად   ორგვარია:  ჯერ ერთი,  მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება უშუალოდ   საზიანოა  ადამიანებისთვის  და, მეორე,  უაზრო, ფუჭი, ფუქსავატური მოთხოვნილებები,  რომელთა დაკმაყოფილება არაფრის მომცემი, ან ყალბი, მოჩვენებითი  კეთილდღეობის  მომტანია.  ორივე  ამ უკანასკნელთა  დაკმაყოფილება,  ჯანსაღი აზრით,    გაუმართლებელია. სწორედ  ესაა  ზედმეტი, არასაჭირო.  ის   ორგვარი შეიძლება იყოს:   იმთავითვე ზიანის მომტანი თვისებრივად   ან  საზიანო  რაოდენობრივად, ზომას გადაჭარბეულ მოხმარებასთან  დაკავშირებული.  პირველის მაგალითია     ნარკოტიკების,  თამბაქოს ნაწარმის  და სხვა   მოხმარება  და მეორისა  -  ჭარბი  საკვების, სასმელის  მიღება და ა.შ.  ზედმეტობაა     საჭიროზე  ჭარბი   სამომხმარებლო  ნივთების  ფლობა, რაც  მათი გონივრული  გამოყენების უნარს აღემატება.

            დასანანია, რომ ეკონომიკური თეორია, სოციალური მეცნიერებები მეტწილად გვერდს  უვლიან  ყალბი, მოჩვენებითი კეთილდღეობის, კიდევ მეტი, ადამიანთა მიერ თავისი და სხვების  საზიანო  მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის დოვლათის  მოხმარების  (დაგროვების),  მაშასადამე, არარაციონალურად  გამოყენების  ფაქტს.  პარადოქსია,  რომ ადამიანთა საზიანო დოვლათი (ჯამრთელობის დაკარგვის, სიცოცხლის მოსპობის საშუალებები, უაზრო მოთხოვნლებათა დაკმაყოფლებისთვის განკუთვნილი ნივთები და მომასახურება) განიხილება საზოგადოერივი დოვალთის ნაწილად. არსებული თვალსაზრისით, ინტერესის საგანია მოთხოვნილებათა დაკმაყოფლება, მოთხოვნის არსებობა ბაზარზე, მიუხედავად იმისა, ეს მოთხოვნა და შესაბამისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ადმიანებისათვის საზიანოა,  უსარგებლოა თუ არა.  ასე  ხდება მაშინ, როცა მას დიდი ზიანი მოაქვს კაცობრიობისთვის.   უეჭველია,  რომ  ასეთი პროდუქტების წარმოება  და გამოყენება   თეორიისა და პრაქტიკის დიდი  ნაკლია, მაგრამ  მაინც   ცხოვრების თანამგზავრია.

                ადვილი შესამჩნევია მოხმარებისა   და დაგროვების  პოზიტიური და  ნეგატიური შედეგები, მაგრამ მათ  ხშირად შესატყვისი ყურადღება არ ექცევა. ეს თავიდანვე  დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა  ადამიანთა ცნობიერებაში ასახული  დოვლათის (სიმდიდრის) დანიშნულება, როლი,თუმცა  ეს თავისთავად ცხადი როდია.  სწორედ აქ იჩენს თავს  საზოგადოების ფასეულობითი სისტემა, თუ რას თვლის ის  ნამდვილ  სიკეთედ ინდივიდებისათვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, რამდენადაა აუცილებელი  და დასაშვები  დოვლათის ამა თუ იმ  სახით მიზნით და ზომით  გამოყენება.

       ზემოთ მოყვანილი მსჯელობებიდან გამომდინარეობს, რომ არასწორია ყოველგვარი  მოხმარება, მისი ზრდა   თავისთავად მივიჩნიოთ სიკეთედ, არ განვასხვავოთ   საჭირო და   არასაჭირო  მოხმარება   და  დაგროვება.     ამაზე  გასული საუკუნის ბოლოს მიუთითებდა ჯ.გელბრეიტი, სამართლიანად აკრიტიკებდა რა ცხოვრების ნეოკლასიკურ მოდელს, რომლის მიხედვითაც თითქოს მოხმარება - ეს  უპირობოდ კეთილმყოფელი რამაა... თითქოს საჭიროა მისი მაქსიმიზაცია   ყოველგვარი პატიოსანი სოციალური ხერხებითა და საშუალებებით. ამასთან, ეს თავისთავად უმაღლესი ზომით  სიამოვნება არაა.  საჭიროა  დაფიქრება დოვლათისა და მომსახურების  შერჩევაზე  (Гелбреит Д. 1979, 58) .                         

საჭირო და ზედმეტ მოხმარებასა და დაგროვებაზე მსჯელობისას  საბოლოოდ   უნდა გამოვდიოდეთ  რეალური და  ყალბი  კეთილდღეობის ჭეშმარიტი  გაგებიდან, მაგრამ ასე არ ხდება. კეთილდღეობად   მიჩნეულია   საერთოდ ადამიანთა  მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საქონლითა და მომსახურებით.აქედან  გამომდინარეობს, რომ თითქოს, ყოველგვარი მოხმარება, მოთხოვნილების დაკმაყოფილება  სიკეთეა, (ვგულისხმობ თეორეტიკოსების  ა. პიგუს,   ვ. პარეტოს,   პ.  სამუელსონის (Пигу А. 1985,  Парето В. 2007, Самуельсон П.  1993) და სხვათა  შეხედულებებს. ცხოვრების მარტივი ფაქტები ადასტურებს, კერძოდ, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების მოხმარებას, ალკოჰოლური  სასმელების, საკვების  ჭარბად მიღებას და სხვა.

          მიმაჩნია, რომ სწორ თვალსაზრისამდე არ მივყევართ ბერგსონ - სამუელსონის  კეთილდღეობის საზოგადოებრივ ფუნქციას, რომელიც ინდივიდუალურ სარგებლიანობათა კომბინაციას  ემყარება, რაც შემოსავლების განაწილების  თაობაზე ფასეულობითი  განსჯის საფუძველზე  ყალიბდება. (Ломова Е.А. 2009,11).   ამ  ავტორთა  თვალსაზრისით, საზგადოებრივი კეთილდღეობა არის ინდივიდების  სარგებლიანობის დონეთა  ფუნქცია.  ადვილი მისახვედრია, რომ ინდივიდუალურ სარგებლიანობათა კარდინალისტური (რაოდენობითი)  მნიშვნელობების   დადგენა  ძნელია  ან, ალბათ, მიუღწეველიც. აქ  ისევ სუბიექტურ სარგებლიანობასთან გვაქვს საქმე, რომელიც ხშირად არ  წარმოადგენს კეთილდღეობის წყაროს  (მაგალითად, თამბქოს  მოხმარება და სხვა)   და არა ობიექტურ  სარგებლობასთან (სიკეთესთან). სუბიექტების აღქმა არ ემთხვევა  იმას, რაც ობიექტური  სიკეთეა მათთვის.

       ამგვარად, უპრიანია საკითხის დაყენება ადამიანთა კეთილდღეობის  კუთხით ზედმეტის  (ჭარბის)  და საჭიროს  სწორად   განსაზღვრის თაობზე.  საჭიროდ მხოლოდ ის მოხმარება და დაგროვება შეიძლება ჩაითვალოს, რასაც მოაქვს რეალური კეთილდღეობა, რის იქითაც მოხმარება და დაგროვება  ზედმეტად (ჭარბად) უნდა ჩაითვალოს. ეს სულაც არ ნიშნავს მომხმარებლის სუვერინეტეტის  უგულებელყოფას, ასკეტიზმის, სიღარიბის აპოლოგიას, არამედ ჭეშმარიტი კეთილდღეობს სწორად გაგებაა. ჩემი მსჯელობებიდან არ უნდა გაკეთდეს დასკვნა, თოითქოს, ნორმალურად უზრუნველყოფილი ცხოვრებისადმი, კომფორტისადმი, მრავალფეროვნებიდმი,  ესტეტიკური სიამოვნებისადმი  მისწრაფებას  არ  ვთვლიდე  მოსაწონად. მე ვმსჯელობ იმ  ზედმეტობაზე, რომელიც  საზიანოა  ინდივიდისათვის და საზოგადოებისათვის.

             ზედმეტის სწორად გაგებას და ამგვარი გაგების ცხოვრებაში რეალიზებას კოლოსალური პოზიტიური შედეგი შეუძლია მოუტანოს ხალხებს, მთელ კაცობრიობას,   დიდად  შეუწყოს  ხელი კეთილდღეობას.

ადამიანთა ცხოვრებაში აღნიშნული მოვლენის როლს თუ ჩავუფიქრდებით,   ლოგიკურია ვთქვათ, რომ ეკონომიკური და სოციალური ასპექტით მათ ახსნასა და გაგებაში ყურადღებას იმსახურებს დოვლათისმოხმარებისა და დაგროვების   ზედმეტობის  აზრი. ის შეიძლება განვიხილოთ  სოციალურ  მეცნიერებათა კატეგორიის  რანგში. აქედან გამომდინარე, ამ კატეგორიის მიერ თავისი ადგილის დაკავება სოციალურ მეცნიერებებში უთუოდ შედეგიანი იქნება შემეცნებითი თვალსაზრისით.  ეს საშუალებას მოგვცემს ღრმად ჩავწვდეთ საზოგადოების ცხოვრების მოვლენებს და  უკეთ  მოვაგვაროთ  ამ სფეროში  არსებული  გამოწვევები.

 

მომხმარებლური  ზედმეტობის   გამოვლინებები,

მომხმარებლური   საზოგადოება

           

      მომხმარებლური ზედმეტობა საზოგადოების   ცხოვრებაში  მრავალმხრივი  მოვლენაა და ადამიანთა ქცევის სხვადასხვა ასპექტით ვლინდება. გამოცდილება  გვიჩვენებს, რომ  უხსოვარი დროიდან დღემდე შექმნილი  დოვლათი  სხვადასხვა მიზეზით ადამიანთა რეალურ კეთილდღეობას  სრულად არ  ხმარდება.  აქამდე  ეს ფაქტი სათანადო  თეორიული განსჯის საგანიც  არ  გამხდარა. ამასთან, ის  უაღრესად  საყურადღებოა. ფაქტობრივად, ამის გამოხატულებაა არც ისე სასურველი     სამომხმარებლო საზოგადოების   ფორმირება  და  მეცნიერებაში მისი ასახვა. ამ  თემას  ეძღვნება: ტ. ვებლენის, ჟ.  ბოდრიარის ნაშრომები, ასევე  ჰ. მარკუზეს  (Маркузе,  1994, 368) და   სხვათა  წიგნები. 

         დოვლათის  ზედმეტი, არასაჭირო მოხმარება და დაგროვება,  პირველ რიგში, ეხება საგნებს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ სასიცოხლო პირობების  უზრუნველსაყოფად, მაგრამ  ზომას გადაჭარბების გამო, არასაჭირო და საზიანოც ხდება. ასეთია, კერძოდ, ზომაზე მეტი საკვების მიღება. ეს ადამიანთა  მცირე რიცხვს როდი ახასაითებს.  გურმანების დიდ ნაწილის  პრობლემაა ჭარბი წონა.  2008 წელს  მსოფლიოს მოსახლეობის 35% ჭარბწონიანი იყო, 11% სიმსუქნით იყო დაავადებული. 2011 წელს  კი 20 წლისა და მეტი ასაკის  1,4 მლრდ ადამიანს  ჭარბი წონა აწუხებდა.

         ზედმეტი, არასაჭირო, ფუჭი მოხმარების მაგალითად  შეიძლება  დავასახელოთ   ზომაზე  მეტი სპირტიანი სასმელებისმოხმარება  ადამიანთა  საკმაოდ დიდი ნაწილის  მიერ, რაც  მარტივ პრობლემებს როდი უქმნის  მათ ჯანმრთელობის თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ალკოჰოლიზმის  - ამ ძველისძველი სენის სახით საქმე გვაქვს ფართოდ გავრცელებულ ზედმეტობასთან. ალკოჰოლიკების რაოდენობა ყოველ  1000  კაცში 1900-1929 წელებში შეადგენდა:  0,3-ს, 1956- 1976 წლებში -12,3-ს, მათი რიცხვი 50-ჯერ  გაიზარდა  1930 - 1965 წლებში. 2000 წელს მსოფლიოში იყო 140 მლნ აღრიცხული ლოთი.

               საზიანოდ  და  ზედმეტობად    შეიძლება დავასახელოთ თამბაქოს ნაწარმის  მოხმარება.მსოფლიოში  მისი მომხმარებელია ყოველი მესამე მოზრდილი  ადამიანი, 2 მლრდ–ზე მეტი, მ.შ. 200 მლნ ქალი.

              მავნე ზედმეტი მოხმარების შემაშფოთებელი მაგალითია ნარკოტიკების   მიღება, მათი მოხმარების გავრცელების მასშტაბები თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ესეც ადამიანთა უძველესი და უგუნური მავნე  ჩვევაა. პარადოქსია, რომ მსოფლიოში 2017 წელს დაახლოებით 271 მლნ ადმიანი, ანუ    15- 65 წლის ასაკის მოსახლეობის 5% მოიხმარდა ნარკოტიკს. ეს 30% -ით მეტი იყო, ვიდრე 2009 წელს. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 3% და 15-30 წლის მოსახლეობის 12% არის ნარკოტიკების მომხმარებელი. კოკაინის წარმოება  2017 წელს  აღწევდა 1.976 ტ.,   რაც 25 %-ით მეტი იყო წინა წლებთან.

                  ისეთ ცივილიზებულ სამყროში, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებია,    ზრდასრული მოსახლეობის 10% ნარკოტიკების მომხმარებელია. ამასთან,  ნარკობიზნესი წარმოადგენს  უკანონო საქმიანობის სფეროსა და  შემოსავლების ერთ-ერთ უხვ წყაროს ცალკეული ადამიანებისთვის. ბოლო 12 წლის განმავლობაში ამ სფეროში ინვესტიციებმა შეადგინა 3 ტრლნ დოლარი. ნარკოფულის წლიური ბრუნვა  კი 800 მლრდ დოლარამდე აღწევს. ყოველწლიურად ხდება 1,5ტრლნ  დოლარამდე  ნარკოტიკებით  ვაჭრობიდან მიღებული ფულის ლეგალიზება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

           ჭეშმარიტი გაგებით, ობიექტური ადამიანური ურთიერთობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეფარდებით ზედმეტ, უქმ დოვლათად (სიმდიდრედ) წარმოგვიდგება  მომხმარებელთა  მიერ შეძენილი და  ნაწილობრივ ან სრულადაც გამოუყენებელი, უფუნქციოდ დარჩენილი საგნები: ტასაცმელი, ავეჯი, საყოფცხოვრებო ტექნიკა, საცხოვრებელი ფართობი  და სხვა.    მომხმარებელი  მეტწილად არარაციონალურია. იგი, რაც  უფრო მეტ ფულად სახსრებს  ფლობს,  მით უფრო ხშირადაც იძენს ისეთ საქონელს, რასაც არ მოიხმარს სხვადასხვა მიზეზით. ის არაიშვიათად უშვებს შეცდომებს  მოხმარების საგნების შეძენისას, ასევე მოდის, მიმბაძველობის გავლენით იძენს ისეთ საგნებს, რასაც მოუხმარებლად ტოვებს ან მცირე მოხმარების შემდეგ    გადადებს .     

              განსაკუთრებით  უნდა აღინიშნოს ის  ზედმეტობა,როცა   საგნები, რომლებსაც ადამიანები ფლობენ, ტ.ვებლენის სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოიყენება  დემონსტრაციული მოხმარებისათვის, ე.ი. პრესტიჟულობისათვის, სხვების წინაშე უპირატესობის დასადასტურებლად, გამორჩეულობისათვის, თავმომწონებისათვის.  ცხადია, ჯანსაღი აზრით, ეს მიზანი მიუღწეველია, მაგრამ ადამიანთა ნაწილი მაინც  ამგვარი ცდუნებითაა შეპყრობილი.

         მომხმარებლური ზედმეტობის ერთ-ერთი მკაფი გამოვლინებაა ფუფუნება,  რომელიც ისტორიის გარკვეულ ეტაპზე წარმოიშვა. ის საზოგადოების ერთ-ერთი  ნეგატივია. ფუფუნების პრობლემა  მრავალი ავტორის ინტერესის საგანი იყო კიდეც,   თუმცა სადღეისოდ ნაკლებად არის ყურადღების ქვეშ. მისი ზიანის გარკვევა თანამედროვე და მომავალი საზოგადოებისათვის, ასევე დაძლევის გზების ძიება   ინტერესს უნდა  იწვევდეს.  

              ფუფუნება კომფორტის ზედმეტობაა. მისი უარყოფა არ ნიშნავს ჯანსაღი კომფორტისადმი ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილების გამორიცხვას. ფუფუნება გამოიხატება გარემოსაგან გაძლიერებული სიამოვნების მიღებით. ჰედონიზმი აყვანილია პათოლოგიურ დონეზე, მაშინ როცა სიამოვნება ადამიანის ბუნებრივი ნორმალური მიდრეკილებაა. აქ ნათლად იგრძნობა ყალბი ეთიკის გამოვლინება, რაც ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილის თანამგზავრი ხდება. ის არ არის ცხოვრების  ჯანსაღი წესი, მკაფიო გადახრაა მისგან.  ფუფუნება ზოგჯერ  სულიერი სიმდიდრის უქონლობის ნიადაგზე წარმოიშვება.  ის ზომიერების, ნამდვილი ფასეულობის ანტიპოდად გვევლინება. ფუფუნების მიმდევრებს სურთ ყალბი ბრწყინვალება, უპირატესობა სხვების წინაშე. მხოლოდ ადამიანთა გარკვეული წრისათვის არის ის მოწონებისა და მისწრაფების საგანი, მახინჯი სიამოვნების, განცხრომის წყარო, ეგოიზმის გამოხატვა, რასაც რეალური  მოწონება, ფასი, აღიარება საზოგადოებაში  არ მოაქვს.

          ფუფუნებას ჰყავს აპოლოგეტებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ  მაღალი კლასის ფუფუნება სიკეთეა დაბალი კლასისათვის, რამდენადაც  მოაქვს დამატებითი სამუშაო ადგილი და შემოსავალი, განვითარების სტიმული. მაგრამ ეს არაა ის, რაც ამ უკანასკნელთ სჭირდებათ. ცნობილმა გერმანელმა ეკონომისტმა და სოციოლოგმა  ვ. ზომბარტმა  ფუფუნების გარკვეული  თეორია შექმნა, რომლის  ამოსავალი დებულებაა ფუფუნების, განსაზღვრება, როგორც აუცილებლის ზღვარს გადაცილებული დანახარჯისა.   (Werner Zombart  1922, 5).  ფუფუნებას სხვა  იდეოლოგებიც ჰყავდა:   სენ ლამბერი, ანრი ბოდრიარი საფრანგეთში, ბერნარდ მანდევილი ინგლისში და სხვა. მის წინააღმდეგ კი გამოდიოდნენ რიგორისტიკული მიმართულების წარმომადგენლები, რომლებიც მდიდართა ფუფუნებას დაბალი კლასის წარმომადგენელთა სიღარიბის მიზეზად თვლიდნენ, მათ შორის უტოპისტები  სენ- სიმონი  და  სხვა .

               ფუფუნებას გაურბოდა და ამჟამდაც თავს არიდებს ბევრი უმდიდრესი ადამიანი: როკფელერი, ბაბეფი, გეითსი და სხვა. მსოფლიოში უმდიდრესი  მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი უარყოფს ფუფუნებას და ცხოვრობს თავდაჭერილად, ამასთან, ფულს ქველმოქმედებაში დებს.

                 ზედმეტი, უქმი დოვლათის არსებობა ცალკეულ ადამიანთა ხელში  დანაკარგებია საერთო კეთილდღეობისა და ბედნიერების თვალსაზრისით. სადღეისოდ განსხვავება წარმოებული დოვლათის (სიმდიდრის) რაოდენობასა და  მის ზრდას, ერთი მხრივ, და ადამიანთა კეთილდღეობას, (მის ამაღლებას) შორის, მეორე მხრივ, საგრძნობია. სიმდიდრის ზრდას ჩამორჩება კეთილდღეობა. (დაწვრილებით  იხ. ,,უქმი ეკონომიკა“,   (მალაშხია  2013, 12-50).

        ეკონომიკური თეორია, როგორც ცნობილია, ქადაგებს მოთხოვნილებების  განუსაზღვრელობას. გონივრული (ჯანსაღი) მოთხოვნილებები რაოდენობრივად, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, მოცემულ მომენტში შეზღუდულია ადამიანთასამომხმარებლო ძალის  განსაზღვრულობით.  ადამიანებს არ შეუძლიათ დოვლათი უზომო რაოდენობით მოიხმარონ, რასაც თეორია გვერდს უვლის. მოთხოვნილებათა უსაზღვრობის დოქტრინა  ეკონომიკურ სუბიექტთა  გარკვეული ნაწილის ინტერესებს პასუხობს, რომ  გაყიდვების ზრდით ბიზნესში მოგების სასურველ ზრდას მიაღწიოს. სწორი იქნება ვთქვათ, რომ მოთხოვნილებები იცვლება, ვითარდება განუსაზღვრელად, ხოლო მათი რაოდენობითი განუსაზღვრელობა გონივრულობის ფარგლებში პრაქტიკას,  მისწრაფება განუსაზღვრელი რაოდენობის  სიმდიდრის ფლობისკენ კი-   ჯანსაღ აზრს ეწინააღმდეგება. 

        მომხმარებლური ჟინის გაღვივების შედეგადგაჩნდა ე.წ. მომხმარებლური  საზოგადოება, რომელშიც არსებობს სამომხმარებლო საგნების სიუხვე,  მოხმარება  კი წარმოადგენილია ადამიანთა  ცხოვრების აზრად და მიზანად, მოქმედების   ძირითად მოტივად. ფრანგი სოციოლოგი ჟ. ბოდრიარი მიიჩნევს, რომ ესაა თვითმოტყუების საზოგადოება. მომხმარებელი თავის  არჩევანს ახორციელებს არარაციონალურად და არადამოუკიდებლად. არჩევანი მას თავს ეხვევა თვით სამომხმარებლო საზოგადოების სტრუქტურისაგან მისი მოჩვენებითი ფასეულობებით, რაც  ნივთებშია  გაცხადებული. მოთხოვნილებები წარმოიქმნება  იმ საქონელთან ერთად, რომელიც მათ  აკმაყოფილებს (Бодрийяр Ж. 2006, 269).

                 მომხმარებლური საზოგადოება ცვლის და აკნინებს ცხოვრებისეულ  ფასეულობებს, ადამიანთა ურთიერთობების სისტემას – ,,...ადამიანები სიუხვის საზოგადოებაში, არსებითად, გარშემორტყმულნი  არიან  არა სხვა ადამიანებით, როგორც ეს  იყო ყველა დროს აქამდე, არამედ მოხმარების ობიექტებით. მათი ყოველდღიური ურთიერთობა განისაზღვრება არა მათ მსგავსებთან ურთიერთობით, არამედ   დოვლათის გადაცემა - მიღების მანიპულაციების აღმნიშნელი სტატისტიკური მრუდით’’ (Бодоийяр Ж. 2006, 5).

           ადამიანთა და სახელწიფოთა აგრესიულობა იწვევს ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში დაშინებისა და მოსპობის, სიმდიდრის განადგურების იარაღების კოლოსალური ოდენობით დაგროვებას, რაც სრულიად ზედმეტი იქნებოდა  აგრესიის.  მტრობის, კრიმინალირი ზრახვების  არ ასებობის პირობებში,  ანუ  ეთიკურ საზოგადოებასა და მსოფლიოში. მაგრამ სამხედრო მიზნებსა   და  საზოგადოებრივი  წესრიგის  დამყარებას, ადამიანთა და ხალხების    აგრესიისგან დაცვას, მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებში კოლოსალური სახსრები და ადამიანური რესურსები ხმარდება, რაც საკმარისიც კი იქნებოდა სიღარიბესთან გასამკვლავებლად. ჯანსაღი აზრისთვის  ხომ ადვილი გასაგებია ამ სფეროებში დახარჯული შრომის, მატერიალური სახსრების  ზედმეტობა მაღალი ზნეობის, ადამიანური სიმახინჯეების - სიხარბის, აგრესიულობისაგან, ყოველგვარი კრიმინალისაგან თავისუფალი საზოგადოების არსებობის პირობებში.  კაცობრიობის თანამგზავრი ეს ნეგატივი, ცხადია, დაბალი ცივილიზებულობის,  კულტურის გამო არსებობს. აქ  საქმე გვაქვს მფლანგველობის  იძულებითი ზედმეტობის,  ზედმეტის განსაკუთრებულ, უხეშ  და ფარულ ფორმასთან.

             

მომხმარებლური  ზედმეტობის წარმოქმნა:

მიზეზები და პირობები.

 

              დოვლათის  მოხმარებისა და დაგროვების ზედმეტობის  მიზეზი უწინარესად  უკავშირდება ადამიანთა ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ტიპს, ნიშნებს. მომხმარებლის ეთიკის, ქცევის, არჩევანის ფაქტორები: შემოსავლების სიდიდე,    გემოვნება, მიდრეკილება, მიმბაძველობა, გამოცდილება, სწორი გადაწყვეტილების მიღების  უნარი,  მოდის, რეკლამის  გავლენა  და ა.შ. კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ყალიბდება. ამ პირობების და არჩევანის სირთულის გამო  პრაქტიკაში სამომხმარებლო საგნების შეძენის თუ დაგროვებისას ხშირად აქვს ადგილი შეცდომებს, რის შედეგადაც თვით მომხმარებლს ზედმეტი, მისთვის არასაჭირო,  გამოუყენებელი საგნები  აღმოაჩნდება.  

           ცნობილი ფსიქოლოგი კ. იუნგი ფასეულობითი თვალსაზრისით განახხვავებდა  ადამიანთა ორ ძირითად ფსიქოლოგიურ ტიპს: ექსტრავერტული ბუნებისას,   სიმდიდრისაკენ მიდრეკილებს და ინტროვერტული ბუნებისას - ღირსებებისკენ, სულიერი სიმდიდრისკენ  მიდრეკილებს (Юнг К. 1989, 561). მომხმარებლური ქცევის   თვალსაზრისით აღნიშნული ტიპები დაკავშირებულია ადამიანის განათლებულობასთან, კულტურასთან, მიდრეკილებებთან. ცრუ, უადგილო  მოთხოვნილებების ჩამოყალიბებაში თავს იჩენს ეკონომიკური და სოციალური გარემოს  გავლენა.  

             ადამიანები იმთავითვე  გამოირჩევიან  განსხვავებული მოთხოვნილებებით, არიან ზომიერნი და ხარბები. ეს ის ნიშნებია, რომლებიც საფუძვლად უდევს მათ  ქცევას  დოვლათის მოხმარებისა და დაგროვების სფეროში. ზედმეტი საგნები ჩვეულებრივ აღმოაჩნდებათ არახარბ, მოკრძალებული მოთხოვნილებების ადამიანებსაც  სხვადასხვა მიზეზით, რაც განაპირობებს მათ მომხმარებლურ ქცევას, მაგრამ ზედმეტობა მოხმარებასა და დაგროვებაში ჩეულებრივ     თავს იჩენს  ხარბი და პატივმოყვარე,   მიმბაძველ ადამიანებში.  ადამიანებს არც ისე ბევრი სჭირდებათ  კეთილდღეობისათვის,  რომ არა სიხარბე, რომელიც  უბიძგებთ  სამომხმარებლო დოვლათის  უსაზღვრო მოხმარებისა და დაგროვებისაკენ.

           ამაში პირდაპირ აისახება პიროვნებათა მიერ ფასეულობების აღქმა, მათი  ეთიკა. ექსტრავერტული ფსიქოლოგიური ტიპისათვის ზნეობას, სამართლიანობას  ყურადღება არ ექცევა. მისთვის მთავარია მატერიალური ფაქტორი, უზომო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მომხვჭელობა როგორც ვითომც ბედიერების  უცილობელი პირობა. მის აღქმაში ბედნიერების ზომა პირდაპირაა მიბმული   სიმდიდრესთან, მფლანგველურ  მოხმარებასთან.

           სამომხმარებლო ზედმეტობის  ფორმირებაში  სადღეისოდ დიდ ადგილს იკავებს   საზოგადოების ზნეობრივი კრიზისი,  უსამართლობა  დოვლათის განაწილების სფეროში. ზნეობრივ კრიზისი უშუალოდ იჩენს თავს  ცხოვრების  აზრზე , ადამანურ ფასეულობებსა და  ცხოვრებაში მათ ადგილზე  გამრუდებული დამოკიდებულებებით, აქედან გამომდინარე, ქცევით, რაზეც ზემოთ იყო მსჯელობა.  ამას  მოსდევს ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა  მომხმარებელთა მიერ, რომელთა ერთობლიობაც  ქმნის საზოგადოებას,  ეთიკური ნიჰილიზმი, რაც ასე აშკარაა   თვით ყოფით დონეზე. 

       ზედმეტი მოხმარებისა და დაგროვების არსებობაში  გამორჩეულ  ადგილს იკავებს   სოციალურ-ეკონომიკური გარემო. დოვლათი განაწილების ურთიერთობები, რომლებიც უთანასწორობის საფუძველს ქმნის ნიადაგს უმზადებს ზედმეტ  მოხმარებასა და დაგროვებას.  საბაზრო ურთიერთობები, მექანიზმი  აყალიბებენ კონკურენციულ  სივრცეს არამარტო წარმოების, არამედ მოხმარების სფეროში. უსამართლობა დოვლათის   განაწილების სფეროში   გამოიხატება   გადამეტებული უთანასწორობით საზოგადოების წევრთა  ქონებრივ  მდგომარეობაში. საერთოდ კი უთანასწორობა ბუნებრივი მდგომერეობაა, რადგან ადამიანები განსხვავაებულნი არიან  უნარებით, საქმიანობის შედეგიანობით, მოთხოვნილებებით. თანასწორობაზე კი შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ ცხოვრების დონის  მიხედვით. ქონებრივი უთანაბრობა კი   მთელ მსოფლიოსა და  ცალკეულ ქვეყნებში სცილდება ნორმალურ  საზღვარს,  მეტად  მწვავეა. ამას ადასტურებს  შემდეგი მონაცემები:  განსხვავება  მოსახლეობის  ყველაზე  მაღალი შემოსავლების მქონე 10%–სა და ყველაზე  დაბალი  შემოსავლების მქონე 10%–ს შორის ევროკავშირის ქვეყნებში  შეადგენს   9,5 -ჯერ  მეტს .  ეს განსხვავება იზრდება, 1992 წელს ის იყო 7-ჯერ მეტი.  ევროკავშირის ქვეყნების მდიდარი 10%  მოსახლეობა ფლობს  ქვეყნის სიმდიდრის ნახევარს, ხოლო  ღარიბი 40% – 3%–ს.  უფრო უარესი სურათია  რიგ სხვა ქვყანაში, მათ შორის  ნაკლებად განვითარებულებში.   სწორედ მდიდარ ფენაში   განსაკუთრებით შეიმჩნევა დოვლათის  ზედმეტი მოხმარება და დაგროვება.

                 დოვლათის ზედმეტი მოხმარება და  დაგროვება ის ასპარეზია, სადაც გამოვლინდება  ადამიანთა ქცევის გამრუდებული  მოტივაცია, სიხარბე, მისწრაფება უპირატესობისაკენ. სამომხმარებლო საზოგადოების პირობებში აღნიშნული ფაქტორები ისე ძლიერია, რომ მას ვერ თრგუნავს ცივილიზებულობის, კულტურის არსებული დონე, ადამიანთა დიდი ნაწილის ზომიერება, რელიგიის, პროგრესული  აზრის გავლენა.  ყოველივე ეს განაპირობებს მოხმარებისა და დაგროვების  მკვეთრ ზედმეტობას, ზომიერებისაგან გადახრას. ამიტომაც აქვს დგილი სამომხმარებლო სენის  ერთგვარ პანდემიას.       

 ზედმეტი სამომხმარებლო საგნების დაგროვების განსაკუთრებული შემთხვევა  დაკავშირებულია  პროდუქციის გაახლების ტემპთანაც. რიგ შემთხვევაში  ეს გაახლება  ფორმალურია და მომხმარებლის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ გამყიდველების კომერციულ მიზნებს, რამდენადაც სამომხმარებლო თვისებების არავითარ გაუმჯობესებას არ წარმოადგენს. მომხმარებელი  ფაქტობრივად ტყუვდება , იძენს რა ახალ პროდუქტს და „გადააგდებს“ ჯერ კიდევ მოუხმარებელს. ასე აღმოჩნდება მის ხელში ზედმეტი პროდუქტი. მწარმოებლებისათვის  (მიმწოდებლებისათვის)   უდაოდ სასარგებლო ეს პროცესი  შეიცავს  დანაკარგებს.  ამ შემთხვევაში  მწყობრიდან გასული პროდუქტები ზედმეტ,  ,,მკვდარ“ ქონებად იქცევა, გადასაყრელი ხდება ან მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენება სხვადახვა მიზნით.

       უნდა აღინიშნოს  მოდის გავლენა მოხმარებაზე.  მოდა ჩვეულებრივ უფრო  გაყიდვების ზრდას ემსახურება, ვიდრე  მომხმარებელთა კეთილდღეობას. ბაზარზე გაყიდვებისა და მოგების გადიდების მიზნით  ხშირად ჩნდება მრავალი ,,ახალი“,  ფაქტობრივად უსახო პროდუქტი, რაზეც იხარჯება დიდძალი  სახსრები. ისინი კი  არაფერს მატებს  მომხმარებელს, მხოლოდ გარეგნულად იზიდავს მას და   მის ფულს.

        რეკლამა თითქოს მოგონილია მომხმარებლის დასახმარებლად, რომ მან  ადვილად  შეიძინოს მისთვის აუცილებელი საგნები საუკეთესო პირობებით, მაგრამ ის ამ მიზანს სათანადოდ როდი ემსახურება, არაიშვიათად აბნევს მომხმარებლს,  ხელს უფრო გასაღებას უწყობს. ეს ფაქტიც მომხმარებლური ზედმეტობის მიზეზი აღმოჩნდება. 

               პროდუქტების ზედმეტობა მომხმარებელთა ხელში წარმოიქმნება იმის გამოც, რომ შეძენილ დოვლათს ადამიანები ყოველთვის სრულად არ იყენებენ  დანიშნულებით, იძენენ ნივთებს, რომლებიც  არც  ჭირდებათ ან  ნაწილობრივ გამოყენების შემდეგ აგდებენ ან კიდევ უფუნქციოდ ინახავენ. ამგვარ ფაქტებს  შევხვდებით ოჯახთა  უმრავლესობაში,  ამ დროს  მათ ხშირად აკლიათ სხვა უფრო საჭირო საგნები და მომსახურება. ამგვარი ზედმეტობა კეთილდღეობის საწინაამდეგოდ მოქმედებს. მაშასადამე, მოხმარების და დაგროვების ზედმეტობა ცხოვრების  მრავალ მხარეს,  ადამიანთა ქცევის, კულტურის, საერთო განვითარების დონეს უკავშირდება. ცხოვრებაში ფართოდ იჩენს თავს მოხმარებლური  ირაციონალიზმი. აქ არსებული პრობლემების გადაჭრა უშუალო კავშირშია   ადამიანთა ბედნიერებასთან, რაზეც ქვემოთ ვიმსჯელებთ.

 

 

ზედმეტი მოხმარებისა და დაგროვების   სოციალურ - ეკონომიკური 

შედეგები. უქმი ეკონომიკა

 

       უწინარესად აღვნიშნავ, რომ მოხმარების აქტს განვიხილავ ეკონომიკური დოვლათის  სოციალურ  სიკეთედ  ტარნსფორმაციად,  რაც დამოკიდებულია თვით დოვლათის სამომხმარებლო თვისებებთან ერთად ამ თვისებათა სრულად გამოყენებაზე, ე.ი.  მოხმარების   ხასიათზე, გონივრულობაზე. მოხმარების ეფექტიანობა   არის აგრეთვე მოხმარების პროცესში მეტი სოციალური ,,წონის“ (,,ფასის“)  მქონე ობიექტის წარმოქმნა.   ამრიგად, საზოგადოებისათვის  მნიშვნელოვანია, არამხოლოდ  წარმოების ეფექტიანობა, არამედ მოხმარებისაც. მოხმარება არის  თვით  ყოველგვარი სიკეთის  შექმნის ერთ-ერთი ამოსავალი პირობა, მოტივაცია. ამასთან, ეს არ ითქმის ყოველგვარ მოხმარებაზე.  მოხმარების მიმართ უნდა იქნეს  გამოყენებული   ტესტი: რა შედეგი მოაქვს მას -  არის ის რეალური სიკეთის  მომტანი თუ  არაფრის მომტანი ან მავნეცაა.

           დოვლათის ზედმეტი მოხმარება და დაგროვება კაცობრიობის ცხოვრებაში  საზიანო  მოვლენაა. ეს  ადამიანთა  ქცევის არარაციონალურობის გამოვლენის  ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ერთობ დიდ ადგილს იჭერს დოვლათის გამოყენების (მოხმარების, დაგროვების) სფეროში.  ნიშანობლივია, რომ ჩვენს დროში მოხმარება საზოგადოების წევრთა დიდი ნაწილისთვის ცხოვრების საზრისის ძირითადი კომპონენტი გახდა.

    ჩვენს სინამდვილეში არ ხდება  ზედმეტი, არასაჭირო  მოხმარებისა  და დაგროვების   შედეგების სათანადო  აღქმა და შეფასება.  მათ   გაგებას უმთავრესად  უკავშირდებენ ადამიანის უფლებებს, მომხმარებლის ინტერესებს, სუვერენიტეტს, მაგრამ სათანადოდ არ ხდება იმ ტრივიალური ჭეშმარიტების გაცნობიერება, რომ   ყოველგვარ დაკმაყოფილებას არ მოაქვს სიკეთე, რადგან ადამიანებს ბევრი   გაუკუღმართებული მოთხოვნილებები აქვთ. მათი დაკმაყოფილების გამო  სინამდვილეში ადგილი აქვს ზედმეტ, არასაჭირო  მოხმარებას და დაგროვებას, რაც ზემოთ აღინიშნა.  მისი მასშტაბები ერთობ დიდია.

    ზედმეტობის შედეგები შეიძლება მრავალმხრივ წარმოვიდგინოთ, რომელთა  განხილვა უპრიანია   ადამიანთა  ევდემონისტური - ბედნიერებისა და  მისი პირობების  თვალსაზრისით.  ეს გულისხმობს მათ წარმოდგენას ეკონომიკური, სოციალური, ეთიკური, ესთეტიკური, ფსიქო-ემოციური, პოლიტიკური  რაკურსით. 

              ნათელია, რომ მომხმარებლური ზედმეტობა ერთგვარი სოციალური პათოლოგიაა, რომელიც, პირველ რიგში, თავს იჩენს ეკონომიკურ მახასიათებლებში.  ეს უწინარესად  ისაა, რომ  იგი წარმოგვიდგება  წმინდა დანაკარგებად.  ეს  ასევე  ნიშნავს, რომ მათი არ არსებობა საზოგადოებას შესაბამის დამატებით სიკეთედ  მოევლინებოდა. სხვანაირად, იგი იქნებოდა მათზე გაწეული დანახარჯების  გამოთავისუფლება საზოგადოების თუ ინდივიდებისათვის საჭირო სიკეთის (დოვლათის) შესაქმნელად. გასაგებია, რომ ოჯახს ზედმეტად შეძენილი  ნივთებისათვის გაწეული დანახარჯები შეეძლო გამოეყენებინა სხვა საჭირო  დოვლათის შესაძენად, რომელიც მას მოუტანდა რეალურ სიკეთეს. ფუფუნებისათვის თუ არ გასწევდნენ ხარჯებს  მისკენ მიდრეკილი სუბიექტები, ისინი სხვა სუბიექტთა  რეალური  მოთხვნილებების დაკმაყოფილებას მოხმარდებოდა.  თვით საზოგადოებას  თუ არ დასჭირდებოდა  ამჟამინდელივით  იძულებითი ხარჯების გაწევა  სამხედრო თუ  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის, რაც შესაძლებელია ზნეობრივი, აგრესიისაგან, მტრობისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტად ჰუმანური ადამიანების ერთობის   პირობებში,  კოლოსალური სახსრები გამოთავისუფლდებოდა კეთილი მიზნებისათვის. დღეისათვის  ეს სახსრები  კოლოსალურია.  მხოლოდ  სამხედრო , ე.წ. თავდაცვითი ხარჯები, მსოფლიოში სავარაუდო მტებისაგან დასაცავად  თუ  მტრული აგრესიული ზრახვების განახორციელებლად, შეადგენდა 2020წ. – 1981მლრდ დოლარს, მათ შორის  აშშ-ის  778,0, ჩინეთის-  252,0,  ინდოეთის - 72,9,  რუსეთის - 61,7 მლრდ დოლარს  და ა.შ. ეს  მშპ–ის  მიმართ  შეადგენს შესაბამისად 3,4% 3,7% 1,7% 2,9% და 4,3%. ეს ხარჯები ცივილიზაციის პარადოქსია, რითვისაც დიდი პასუხისმგებლობა, უწინარესად, პოლიტიკოსებს ეკისრებათ, მათ აგრესიულობას  მიეწერება,  ხალხი კი არასდროს   ომი არ უნდა.

            ასევე უზარმაზარია დანახარჯები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, კრიმინალური ბუნების ადამიანთა საზიანო ქცევის აღკვეთისათვის. ეს ხარჯები  დაახლოებით უტოლდება ზემოთ განხილულ, ე.წ. თავდაცვით ხარჯებს. რუსეთის ფედერაციის  მაგალითზე ის  დაახლოებით  მშპ–ის  4 %–ს შეადგენს.[1] თითქმის   ასეა სხვა ქვეყნებში. ეს ხარჯები წარმოიშვება იმ რეალობაში, როცა ადამიანთა ერთი, თუმცა მცირე, ნაწილი ეწევა ანტისაზოგადოებრივ მოქმედებებს, არღვევს საზოგადოების სიმშვიდეს, აზიანებს სხვის ჯამრთელობას, სიცოცხლეს,  ქონებას, აყენებს  მატერიალურ და მორალურ ზიანს თანამოქალაქეებს, ქვეყანას. ამგვარი მოქმედებები   არასასურველი და მავნეა, მაგარამ ის გვხვდება და საკმაოდ ფართოდ.  სამწუხაროდ, მათ ზრდის ტენდენციაც აქვს თვით განვითარებულ ქვეყნებში, მაშინ როცა  საზოგადოების ცივილიზებულობა და კულტურის დონე  საერთოდ  მაღლა იწევს. ამის მიზეზები, სამწუხაროდ, არსებობს. დამნაშავეობა მოსახლეობის 100 ათას სულზე გაიზარდა 1960 წლიდან 2000 წლამდე აშშ -ში 1123 -დან 4124-მდე ,  საფრანგეთში - 1505 -დან  6421–მდე, გერმანიაში - 2871 -დან 7625- მდე,  ინგლისსა და უელსში - 1606-დან 9761 -მდე , იაპონიაში - 1601-დან  1924- მდე, რუსეთში - 361 -დან 2028 -მდე. (Лунеев В.2007, 14).

            მოყვანილი ფაქტები აშკარად   დაკავშირებულია  ეკონომიკურ ურთიერთობათა,  დოვლათის განაწილების, გაცვლის სფეროებში არსებულ ხარვეზებთან.  უზარმაზარი ქონებრივი უთანაბრობა,  სიმხინჯენი  გაცვლის სფეროში რომ არ ასებობდეს,  ზედმეტი მოხმარების დიდი ნაწილი გამოირიცხებოდა. 

             ზედმეტობის არსებობა მოხმარებასა და დაგროვებაში განაპირობებს და აღრმავებს მოსახლეობის სოციალურ სტრატიფიკაციას, არასასურველ  დაყოფას   მდიდრებად, საშუალო ფენად და ღარიბებად. მათშიც რამდენიმე კატეგიორია გამოიყოფა  სოციალური სტატუსის, ცხოვრების დონის, კეთილდღეობის, ბედნიერების მაჩვენებლების  მიხედვით.  უთანასწორობა მსოფლიოში  ღრმავდება.

           სიმდიდრისადმი მისწრაფება მომხმარებლური საზოგადოების თანამგზავრია. თუმცა, მას ბევრი ვერ აღწევს, მაგრამ ის ეპიდემიურ ხასათს ატარებს. ეს მიდრეკილება, თავისთავად არ ნიშნავს ბედნიერების უზრუნველყოფას. სიმდიდრე მხოლოდ  გარკვეულ ფარგლებში შეიძლება იყოს ბედნიერების პირობა და მხოლოდ   ნაწილობრივ,  რომლის რეალიზებას  ფაქტობრივად  ზოგიერთი აღწევს   არსებული გარემოს წყალობით.   ამას ჯერ კიდევ  XIX საუკუნეში  აღნიშნავდა  ცნობილი  გერმანელი ფილოსოფოსი ფ. ნიცშე.  ,,სიმდიდრე მხოლოდ გარკვეულ საზღვრამდე  ხდის ადამიანს შედარებით  დამუკიდებელს   და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და  ქონება ხდება  ბატონი, ხოლო  მფლობელი - მონა. როგორც  მონამ, უნდა მიუძღვნას  მას დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს. და ყველაფერი ეს შესაძლოა საკუთარი შინაგანი  და ყველაზე უფრო არსებითი  სურვილის   საწინააღმდეგოდ .“  დიდი ხნით  ადრე კი აღნიშნული  იყო, რომ   ,, დიდი სიმდიდრე - დიდი მონობაა“ (სენეკა).

                  ეთიკური თვალსაზრისით მომხმარებლური ზედმეტობა ის მოვლენაა, რომელიც თანამედროვე საზოგადოების საერთო ზნეობრივ  ნეგატივებს აღრმავებს. ეს თავის მხრივ ეთიკურ კრიზისს  გამოვლინებაა. აქ უწინარესად შეიძლება ითქვას  მომხმარებლური საზოგადოების ადამიანურ ფასეულობათა გამკრთალებაზე,  ადამიანურ, მეგობრულ, ნათესაურ ურთიერთობათა დასუსტებაზე, ჩანაცვლებაზე ნივთობრივი, მერკანტილური, კომერციული ურთიერთობებით.  ადამიანის სიყვარულს ცვლის  ნივთების, ძალაუფლების   ტრფიალი.

                 ამრიგად, თავს იჩენს  დეჰუმანიზაცა, რასაც ხელს უწყობს  მომხმარებლური საზოგადოების ცხოვრების წესი. ზომიერების სანაცვლოდ გვაქვს უკიდურესი ჰედონიზმის ტყვეობაში ყოფნა, მომხმარებლური ზედმეტობა თავისი გენესზისით  უსამართლობას ამკვიდრებს. უსამართლობა კი უზნეობაა, სამართლოანობა  პატიოსნებაა, ამტკიცებს ამერიკელი ფილოსოფოსი ჯ.როლზი (Ролз Дж. 1995, 19).  ადამიანები კარგავენ უმნიშვნელოვანეს თვისებას - ზომიერებას. საერთოდ, უმთავრესად მატერიალურ და ძალაუფლების სფეროებში წარმოიშვება  მოსახლეობის ფენები, რომლებიც განცალკევებულია ერთმანეთისაგან. 

            მომხმრებლური ზედმეტობის არსებობა, რომელიც აღრმავებს განსხვავებებს, წინააღმდეგობებს  მოსახლეობის ფენებს შორის, ამახინჯებს საზოგადოების ესთეტიკურ   სურათს,  არღვევს  ჰარმონიულობას.         

           მომხმარებლური ზედმეტობა აჩენს რა ზედმეტ სოციალურ დიფერენციციას საზოგადოებაში, წარმოშობს მეტისმეტ პოლიტიკურ სიჭრელეს, დაპირისპირებას საზოგადოების შიგნით, ინტერესების განსხვავებულობას, რასაც თვალნათლივ ვხედავთ მრავალი ქვეყნის მაგალითზე.  ყოველივე ეს აისახება  ადამიანთა არსებობის  უმთავრეს   ფენომენზე - ბედნიერებაზე.  მოხმარებლური  ზედმეტობა ეწინააღმდეგება   ევდემონიზმის -   ნამდვილი ბედნიერებისადმი მიდრეკილების  პრინციპს. 

               დოვლათის ზედმეტი, არასაჭირო მოხმარება და დაგროვება წინ ეღობება კეთილდღეობას, ბედნიერებას, კეთილდღეობის, ბედნიერების  კრიტერიუმად არ შეიძლება მივიჩნიოთ დოვლათის ქონა და მოხმარება, როგორც ეს ზოგს წარმოუდგენია. რეალური კეთილდღეობა არის მხოლოდ მოხმარებული   დოვლათით გონივრულ, ადამიანისათვის რეალურ სიკეთეთა მომტან  მთხოვნილებათა სრულად დაკმაყოფილება, ეკონომიკური დოვლათის სრულად  ტრანსფორმაცია სოციალურ სიკეთედ, რაც შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ  სათანადო საჭირო დოვლათის მოხმარების თუ დაგროვების, ე.ი. გამოყენების  მაღალი კულტურის პირობებში.

          დოვლათის მოხმარება და დაგროვება არაა მხოლოდ ეკონომკური ან  ბიოლოგიური პროცესი. ჭეშმარიტებაა ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგის ჟან ბოდრიარის აზრი, რომ მოხმარება არის მორალიც, იდეოლოგიურ ფასეულობათა სისტემაც, კომუნიკაციების სისტემაც და ურთიერთობათა სტრუქტურაც (Жан Бодрийяр 2006, გვ 12).           

              სუბიექტური ფაქტორის როლი მოხმარების ხასიათის, წესის  ჩამოყალიბებაში თავიდანვე თავს იჩენს მომხმარებელთა მოთხოვნილებებში, მათ შინაარსში, სტრუქტურაში, რაც ასევე მათი მენტალობის, ცივილურობის, ცნობიერების, არსებული გარემოს გავლენის ფუნქციაა. ამას კი ისტორიული განვითარების საფეხური, ეკონომიკური, სოციალური, კუტურული, ეთნოლოგიური, რელიგიური და  ა.შ.  პირობები განსაზღვრავს. 

               ფაქტია დოვლათის (სიმდიდრის) წარმოების თუ მარაგებისაგან  საყოველთაო კეთილდღეობის დონის შორის, ჩამორჩენა. მას ადგილი აქვს    დოვლათის უსამართლო განაწილების, მოსახლეობის მკვეთრი ქონებრივი უთანაბრობის, ასევე  გამოყენების იმ არარაციონალური   სახეების გამო, რაც ზემოთ განვიხილეთ ,,სიმდიდრის დაგროვების კანონი  და კეთილდღეობა“  (მალაშხია გ. 2020, 54-75).

             დოვლათის სრული რეალური სიკეთე წარმოგვიდგება მისი საგებლობის  პოტენციალისა  და  გამოყენების, ასევე  ამ პოტენციალის აღქმის ფუნქციად. საბოლოო ანგარიშით, დოვლათის(სიმდიდრის) მხოლოდ ერთი ნაწილი  წარმოადგენს  პოზიტიურ  ეკონომიკას, რომელსაც მოაქვს რეალური სარგებლობა (სიკეთე) ადამიანებისთვის. მეორეა ზომიერზე მეტად მოხმარებული ან დაგროვილი, არასწორად, თვით ადამიანთა საზიანოდ გამოყენებული ნაწილი (Malashkhia 2013, 13),  ზემოთ აღნიშნული უქმი ეკონომიკა.  ეს უკანასკნელი საულისხმოა. ის  წარმოგვიდგება დანაკარგებად ინდივიდებისა და საზოგადოებისთვის. შესაბამისად მცირდება საყოველთაო კეთილდღეობა იმასთან შედარებით, როგორიც ის შეიძლებოდა ყოფილიყო აღნიშნული დანაკარგების  გარეშე. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია,  რომ  ამგვარი უქმი დოვლათი შეიძლება ჩავთვალოთ კეთილდღეობის ამაღლების პოტენციურ  რესურსად. 

              შეიძლება აქ აღინიშნოს ჭარბი მოხმარების  ზოგიერთი კონკრეტული   შედეგი. კერძოდ,  საკვების  ჭარი მოხმარების  ფაქტს ადასტურებს ის, რომ მოსახლეობის  65 % ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სიმსუქნე მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე უკმარი წონა. 

              თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზიანი ადამიანების ჯანმრთელობაზე, თავი რომ დავანებოთ ეკონომიკურ   დანაკარგს, რაც ზუტად დაუდგენელია, საგანგაშოა.  გლობალური სტატისტიკის მიხედვით,  ყოველი მეათე ადამიანის სიკვდილის მიზეზი თამბაქოა. წელიწადში  5,4 მლნ  ამ  მიზეზით   კვდება.  XX საუკუნეში თამბაქოს მოწევის შედეგად 100 მლნ ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, ერთი სიგარეტის მოწევა 5 წუთითა და 30 წამით ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მას მიეწერება მრავალი ავადმყოფობის  გამოწვევა და ა.შ. აქ ნათლად  ვხედავთ ადამიანთა ქცევის  აბსურდამდე მისულ მაგალითს. მაგრამ იგი  უცილობელი რეალობაა.

               ნარკოტიკების მოხმარება კიდევ უფრო მძიმე ზიანის მომტანია, რაც საყოველთაოდ ცნობილია. ის მომხმარებლური უგუნურობის ერთ-რთი გამოვლინებაა. ნარკომანია თავსი მასშტაბებით და ზიანით, აღიარებულია თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ადამიანთა ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე საერთოდ   გავლენით ის   ერთ-ერთი   საშინელი დაავადებაა, რომელსაც  სხვა მიზეზი არა აქვს, თუ არა თვით ადამიანების მოქმედება საკუთარი თავის წინააღმდეგ მოჩვენებითი სიკეთით სიამოვნების საბაბით. ნარკოტიკების ირგვლივ გამოქვეყნებული მსოფლიო  მოხსენების მიხედვით, მსოფლიოში 35 მლნ  ადამიანია   დაავადებული  ნარკოტიკებით გამოწვეული  აშლილობებით, რის გამოც საჭიროებენ მკურნალობას.  ნარკომანების  60 % 16-30 წლის ახალგაზრდებია, მათგან  1/5  მოსწავლეა. ნარკომანია  ადამიანთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი  მიზეზია. მისი მაჩვენებლები განსაკუთრებთ მაღალია ცალკეულ  ქვეყნებში. გაეროს მონაცემებით, მათგან   პირველ  ხუთეულში  არის : აშშ   მოსახლეობის 1 მლნ–ში  300,7 ადამიანი,  შვედეთი - 173, 5,  ესტონეთი - 134,3, ავსტრალია - 121,7,  ურაგვაი - 119,9. საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს  1,90- ს.

          ყველამ კარგად იცის, რომ  ნარკომანია საზოგადოებას აყენებს  კოლოსალურ და აუნაზღაურებელ  მატერიალურ  და   სოციალურ, ზიანს.  მიუხედავად, ამისა,  კაცობრიობის დიდი მცდელობები ნარკომანიის წინააღმდეგ არასაკმარისად ეფექტიანია, მისი მასშტაბები  იზრდება, რაც შემაშფოთებელი   და  სავალალოა.

               ფუფუნებას ჭეშმარიტი გაგებით,  არ მოაქვს არავითარი რეალური სიკეთე. სიმდიდრე, რომელიც ხმარდება ფუფუნებას, ჯანსაღი აზრით, უნდა განვიხილოთ როგორც ზედმეტი, რომელიც  არსებობს უქმად.   მისი არსებობა არღვევს ზომიერების ფარგლებს, აუცილებელისა და  ზედმეტის  ზღვარს. აქ აშკარად  იჩენს თავს  მფლანგველობის  ერთ-ერთი ტრადიციული სახე. უთუოდ მართალი  იქნება ვთქვათ, რომ ფუფუნებითი და მფლანგველური მოხმარება, ასევე  დაგროვება ადამიანთა  მიერ, როცა სხვებს ელემენტარული საარსებო საშუალებები აკლიათ,  ზნეობრივადაც   მიუღებელია, წარმოგვიდგება როგორც  მომხმარებლის დევიანტური ქცევა.

              კაცობრიობის მთელი პრაქტიკით დადასტურებულია, რომ  ფუფუნება,   სულაც არაა აუცილებელი ადამიანთა არც ცხოვრებით ტკბობის, ბედნიერების, არც  ცხოვრების   შინაარსიანობის   თვალსაზრისით. ის ადამიანთა დევიანტური ქცევისა და მანკიერი ჰედონიზმის გამოვლენაა.

               მდიდართა მოხმარებისა და ქონების შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ  ჩვეულებრივ მათ გააჩნიათ პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი დიდი სიმდიდრე, რომლის ნაწილი ემსახურება არა გონივრული (ჯანსაღი), არამედ  ფუქსავტური და ფუფუნებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. მდიდრების მიერ გამოუყენებელია საცხოვრებელი ფართობის, საყოფაცხოვრებო საგნების დიდი ნაწილი, რადგანაც  ის მათ  სამომხმარებლო ძალას აღემატება.  ყოველივე ეს ქმნის  უფუნქციოდ  არსებულ, არასაჭირო, ზედმეტ, უქმ   ქონებას.   

            ნამდვილი შინაგანი ღირსების ადამიანები მას არ ეტანებიან. ფუფუნება  პროგრესული აზრის მიერ  აღიარებულია საზოგადოების ცხოვრების არასასურველ მოვლენად. რომაელი პოლიტიკური მოღვაწე და სატირიკოსი იუვენალი ფუფუნებას მოიხსენიებს, როგორც ომზე საშიშს, რომელმაც რომი ვნებებსა და ცოდვაში  ჩააგდო . (Ювенал  1989, 221-241).  კ. მარქსის აზრით, ფუფუნება ბუნებრივი აუცლებლობის  საპირისპიროა. ჟა ჟაკ რუსო მას თვლიდა ზნეობრივი აღვირახსნილობის მიზეზად, რასაც გემოვნების დაქვეითებამდე მივყავართ. ფუფუნება ზნეობრივად გაუმართლებელია. ,,ფუფუნებისადმი მიდრეკილება ვერასდროს ვერ შეეთვისება პატიოსნებას“ (Руссо Ж.Ж. 1961, 55). ასევე შეიძლება გვიხსენოთ ჟ. დალამბერი. იგი თვლიდა, რომ  ,,ფუფუნება - დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, სანამ ერთი ადამიანი გაჭირვებულია“. იაპონელებმა  ომის დროს გამოაცხადეს:  ,,ფუფუნება - ბოროტებაა“.  

             ფუფუნებას  ბოროტებად მიიჩნევენ რელიგიები. ხალხის  სიბრძნეში ის სწორედ ასეთადაა ასახული. ქართული ანდაზა გვამცნობს:  ,,ფუფუნებაში აღზრდილი უძლური იქნება, არც თავს არგია, არც სხვასაო“.

                     ფუფუნების შეფასება შეიძლება შემდეგ ძირითად მომენტებად ჩამოვაყალიბოთ:

      ჯერ-ერთი, ფუფუნების საგნების ფლობა, უმეტესწილად, უკავშირდება მფლობელის მიერ  საზოგადოებრივი დოვლათიდან კუთვნილზე მეტად მითვისებას, ე.ი. სოციალური უსამართლობის, ზედმეტი უთანასწორობის არსებობას; მეორე, ფუფუნების საგნების წარმოება დიდძალ რესურსებს ჩამოაშორებს  ადამიანთა საარსებოდ აუცილებელი დოვლათის საბოლოოდ ამცირებს საზოგადოების ნამდვილ დოვლათს და კეთილდღეობას; ეკონომიკური თვალსაზრისით  ფუფუნება  მფლანგველობას  ნიშნავს; მესამე, ფუფუნებითი მოხმარების არსებობა აღრმავებს საზოგადოების ფენათა ზედმეტ სოციალურ განსხვავებას, მახინჯ დიფერენციციას, ამწვავებს დაპირისპირებას, პოლარიზაციას საზოგადოების შიგნით, ძირს უთხრის მის  ერთიანობას; მეოთხე, როგორც სამედიცინო მეცნიერება ამტკიცებს,  ფუფუნებით ცხოვრება ხელს არ უწყობს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს,   დღეგრძელობას;  მეხუთე, ფუფუნება  აღრმავებს სოციალური შეგნების გამრუდებას,  ზნეობრივ არამდგრადობას  და კრიზისს  საზოგადოებაში.

       მაშ, რისთვის არსებობს დოვლათის  ზედმეტი მოხმარება და  ხარჯები, ფლანგვა,  ფუფუნება თუ ის ადამიანთა ქცევის არარაციონალურობის, ჯანსაღი აზრიდან გადახრის,  აშკარა გამოვლინებაა?  არაფერი რომ  არ ვთქვათ ფუფუნებასთან დაკავშირებული სხვა ნეგატიური მხარის შესახებ, თანამედროვე ცივილიზაციის ფონზე პარადოქსად ჩანს ადამიანთა დიდი ნაწილის  მიდრეკილება  აზრს მოკლებული  გარეგნული ეფექტისადმი, რაც მათთვის არაფრის მომცემი და საზოგადოებისთვის  მეტად საზიანოა  მატერიალურად  და  ზნეობრივად.

           ფუფუნებაში  თავს იჩენს  მფლანგველობა, რაც   ყოველთვის განიხილებოდა როგორც უგნურობის, ნგრევის ინსტინქტი, მოქმედება, რომელიც სპობს საზოგადოების რეზერვებს. როგორც  პრაქტიკის ირაციონალობის შედეგი,  საფრთხეს უქმნის  საზოგადოებას (Бодрийяр 2006, 48).

             მომხმარებლური ზედმეტობის, უქმი ეკონომიკის გარკვეულ ნაწილად გვევლინება მთავრობათა (სხვადახვა რანგის ხელისუფლების სტრუქტურების წარმომადგენელთა)  მფანგველობა, ხალხის შექმნილი დოვლათიდან მიღებული სახსრების უყაირათო გამოყენება. ამის შედეგად სახსრების გაწეული დანახარჯებიდან  მიღებული  სიკეთე  ნაკლებია  შესაძლებელზე.  ასე წარმოიშვება  დანაკარგები, რაც   საზოგადოებას ძვირი უჯდება. ხელისუფლების მფლანგველობა  უძველესი  დროიდან  იღებს სათავეს.  ამას ყურადღება ადამ სმითმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში მიაქცია. იგი აღნიშნავდა: ,,დიდი ერები არასდროს ღარიბდებიან კერძო პირების მფლანგველებითა და არაკეთილგონიერებით, მაგრამ ისინი არცთუ იშვიათად  ღარიბდებიან სახელწიფო ხელისუფლების მფლანგველობისა და არაკეთილგონიერების შედეგად“ (Смит А.  1935, 220).

             დღეისათვის ხელისუფლების განკარგულებაში ცენტრალიზებული შემოსავლების სახით თავს იყრის ქვეყნების  ეროვნული შემოსავლის  დიდი ნაწილი - დაალოებით ერთი მესამედიდან ნახევრამდე და ზოგჯერ მეტიც.   საზოგადოების მხრივ სუსტი კონტროლის გამო, მათი უყაირათო გამოყენების ფორმებიდან შეინიშნება: მილიტარისტული მიზნებით გადამეტებული ხარჯვა; ხელისუფლების წარმომადგენელთა პირადი კეთილდღეობისთვის (მეტისმეტად  მაღალი ხელფასები, პრემიები, დასვენების ხარჯები  და სხვა), ოფისის,სამთავრობო ინფასტრუქტურისათვის სახელმწიფო ფინანსების ზედმეტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების მითვისება კორუფციული არხებით და სხვა. ყოველივე ამის შედეგად, გადასახადის გადამხდელთა სახსრების ნაწილი არასწორად, არაეფექტიანად გამოიყენება, სცილდება უფრო აუცილებლ საჭიროებებს, არ ხმარდება რეალურ სიკეთეთა  მიღებას. შესაბ ამისად, ლოგიკურია ეს მოვლენა უქმ ეკონომიკას მივაკუთვნოთ იმ ზომით, რამდენადაც მასთან დაკავშირებულია რეალური სიკეთის დანაკარგები  საზოგადოებისთვის.    

    ძნელი არაა  დავინახოთ   ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან მომხმარებლური ზედმეტობისაკენ მიდრეკილებისა და სიხარბის კავშირი. შეინიშნება  უფრო მეტი  ბუნებრივი რესურსების გამოყენება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისათვის. გასული საუკუნის შუა  წლებში  ,,რომის კლუბმა“   თვალნათლივ დაადასტურა   დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის მიზანშეუწონლობა ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ კლუბის წარმომადგენლებმა გამოააშკარავეს, რომ გარემოს გაუარესების გამო დაძაბული ეკონომიკური ზრდის უარყოფითი შედეგები მეტია, ვიდრე დადებითი. ცხადია, ადამიანის სამომხმარებლო ძალის შეზღუდულობისას  აზრი ეკარგება უზომო რაოდენობის დოვლათის შექმნას. თუმცა, ჯერჯერობით მსოფლიოში მთლიანად დოვლათის მწვავე დეფიციტია ქვეყნების დიდი რაოდენობის  ჩამორჩენის გამო.  დღის წესრიგში დგას  არა ,,ნულოვანი ზრდა,“ როგორც  ,,რომის კლუბი“  მიიჩნევს (Мдоуз и др. 2008.22),  არამედ  ზრდა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების, ბუნებისადმი   გონივრული  დამოკიდებულების  პირობებში. ეს ანბანური შეჭმარიტებაა,  მაგრამ  ხშირად დავიწყებულია და მოითხოვს შეხსენებას .

              უადგილო არ იქნება ვთქვათ, რომ  მომხმარელებლურ  ზედმეტობაში დევს  უზნეობისა და  უსამართლობის    აშკარა  გამოვლინება, რის დაძლევა  საარსებოდ აუცილებელია. გამოწვევა მომხმარებლური  ზედმეტობის დაძლევის მიმართულებით  საუველთაო ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, რასაც გვკარნახობს დღევანდელობა და  მომავალი თაობებისათვის ზრუნვა.

     პარადოქსი ისაა, რომ ყოველივე ამის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა  სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა არსებული სისტემა, რიგ შემთხვვაში აქეზებს კიდეც მფლანგველობის  აშკარა ფორმებს.  ეს უთუოდ  ყოველთვის ასე  არ გაგრძელდება.

               ამრიგად, ყოველივე ზემოთთქმულიდან ჯანსაღი აზრისთვის სავსებით გასაგებია, რომ  მომხმარებლური ზედმეტობა,  ფაქტობრივად,  საზოგადოებას რეალურ ბედნიერებას არ უქადის. ის საზოგადოების ცხოვრების   საშიში მოვლენაა და  მისი აღკვეთა  თუ არა მინიმუმამდე დაყვანა აუცილებელია. ეს დღევანდელობის   ერთ-ერთი საკვანძო გამოწვევაა.  მხოლოდ  ზომერი მოხმარებისა და ზნეობრივი, სამართლიანი საზოგადოებრივი გარემოს პირობებში  შეიძლება  ამქვეყად  ადამიანები  ბედნიერები  იყვნენ..

 

 

                                                                   დასკვნა

 

              მომხმარებლური ზედმეტობა  როგორც  სადღეისოდ  კაცობრიობის   ერთ-ერთი სასიცოცხლო გამოწვევა  დაკავშირებულია ცხოვრების  გაკეთილშობილების სხვა მხარეებთან. იგი მრავალ პრობლემას უქმნის  თანამდროვე საზოგადოებას - ამძაფრებს უზნეობას, უსამართლობას, უთანასწორობას ადამიანთა შორის, წარმოქმნის ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემებს, ართულებს საყოველთაო კეთილდღეობის, ადამიანთა ნამდვილი ბედნიერების მიღწევის პირობებს.   მომხმარებლური ზედმეტობა წინ ეღობება ადამიანთა შორის ჭეშმარიტ ფასეულობით  ხედვას, ამახინჯებს მათ  ცნობიერებას, წარმოდგენებს  ცხოვრების  მოვლენებზე,  აბნევს ადამიანებს, ხელს უწყობს ყალბ, მოჩვენებით წარმოდგენათა გავრცელებას  ცხოვრებაზე, მის აზრზე, სიკეთეზე, ბედნიერებაზე. საბოლოო ანგარიშით, ესაა   ერთგვარი ბარიერი ცივილიზაციისა და პროგრესის გზაზე, რომლის რაობა, ნეგატიური  გავლენა ცხოვრებაზე გარკვეული ზომით ფარული, ძნელად აღსაქმელია, მეცნიერების მიერ სათანადოდ არაა განმარტებული, ადამიანთა მასის მიერ აღქმული და გაცნობიერებული. 

             სამომხმარებლო ზედმეტობის გადალახვა ნამდვილი  ბედნიერი საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა.  აქეთკენ მიმავალი მთავარი გზა საყოველთაო მასშტაბით მისი  ნეგატივების  გაცნობიერება,   ზომიერების პრინციპის  დაუფლებაა. უნდა მოხდეს ადამიანთა მოთხოვნილებების გაწმენდა ზედმეტი და მახინჯი  ელემენტებისაგან, გონივრული მოთხოვნილებების ჩამოყალიბება, სიხარბის, პატივმოყვარეობის, სხვა მანკიერებათა დაძლევა, ჭეშმარიტ ფასეულობათა   გათვითცნობიერება და დამკვიდრება.  აუცილებელია  ცრუ წარმოდგენების  დაძლევა  სიკეთეზე, ყოველგვარ ფასეულობებზე, ცხოვრების აზრზე. უნდა დამკვიდრდეს ადამიანთა საყოველთაო ორიენტირება კეთილშობილურ მიზნების, მოტივების,   ქცევისკენ ცხოვრებაში, საქმიანობაში. ყოველივე ეს შესაძლებელია ცივილიზაციის   მომავალ ეტაპზე, ახალი ეთიკური რევოლუციისა და სოციალური ყოფის, ეკონომიკურ ურთიერთობათა და  კულტურული  ევოლუციის  შედეგად.   

          კაცობრიობა სწორედ ამ გზით უნდა წავიდეს, რაც მომავალში, მისი გადარჩენისა  და   ნამდვილი ადამიანური ცხოვრების ეტაპზე გადასვლის  საფუძველია.   

                                                                                                             

 ლიტერატურა:

  • Aристотель   (  1984)   Соч. , т. 4. Изд. ,, Мысль “. M.
  • Бодрийяр  Ж. (2006)      Общество потребления. Его мифы и структуры.  Перевод с фр.,  М. 
  • Веблен Т.  (1984) Теория праздного класса», перевод с англ.  Прогресс; М.
  • Галбрайт Дж. (1976 )Экономические теории и цели общества. Перевод с  английского  , М.
  • Зомбарт В. (1917). Любовь, роскошь и капитализм. Сокр. пер. с нем. Н. И. Петроград : Благо
  • ლაო- ძი.    დაო დე ძინი ( 1990)     თბ. 
  • Ломова Е.А. (2009) Экономика общественного  сектора. Омск.  
  • Маркузе Е. (1994)  Одномерный человек. Исследование идеологии развитого индустриального общества . перевод с англ., М.
  • მალაშხია გ. (2013)  უქმი ეკონომიკა. თბ., გვ 179.
  • მალაშხია  გ. (2020) სიმდიდრის დაგროვების კანონი  და კეთილდღეობა.   ჟურნ,, ეკონომიკა და ბიზნესი, № 4 .
  • Медоуз Д. и др.     ( 1991) Пределы роста,  перевод с англ. М.
  • Парето   В.  (2007) Социалистические системы, перевод с англ.   М.
  • Пигу А. (1985)   Экономическая теория благосостояния. Изд Прогресс,  перевод с англ..
  • Платон.   (1971)   Cочинение. т. 3, ч.  II,  М.
  • Ролз Дж. ( 1995)  Теория справедливости, Новосибирск.
  • Руссо Ж.-Ж. Избранное сочинение  в 3-х т. Т.1.-М.
  • Самуэльсон П.( 1993)  “Экономика” , перевод с англ.  М.
  • Смит А. (1935)  Исследование о природе и причинах народов. Первод с англ. т.1,  М.
  • Эрроу К.Дж.(2004). Неопределенность и экономика благосостояния. Вехи экономической мысли,   перевод с англ.,  т.4.. . СПб.
  • Ювенал Де́цим ( 1989).  Сатиры. М.
  • Юнг К. Психологические типы. Перевод с англ.. М., 1998.
  • Zombart W. ( 1922) Luxus und kapitalismus. München und Leipzig.
  • Maklashkhia  G. (2013) Moderate  Man.  Tb.

 

References:

  • Aristotle (1984). Op. , vol. 4. Ed. ,, Thought ". M., p. 830.
  • Baudrillard J. (2006) Obshchestvo potrebleniya. ego mify i struktury.[Consumer Society. Its Myths and Structures. Translated from French, M .: p. 269] in Russian
  • Veblen T. (1984) Teoriya prazdnogo klassa», [Leisure Class Theory, translated from English. Progress; M., p. 365] in Russian
  • Galbraith J. (1976) Ekonomicheskiye teorii i seli obshchestva. [Economic Theories and Goals of Society. Translated from English, M., c. 406.] in Russian
  • Zombart V. (1917). Lyubov, roskosh i kapitalizm. [Love, luxury and Capitalism, Abbr. per. with him. N.I. Petrograd: Goo.] in Russian
  •  Lao- dzi. (1990) dao de dzini [Dao de Dzin Tb.] in Georgian
  •  Lomova E.A. (2009). Ekonomika obshchestvennogo sektora. [Public Sector Economics. Omsk. With.] in Russian
  • Marcuse E. (1994) Odnomernyy chelovek. Issledovaniye ideologii razvitogo industrialnogo obshchestva [One-Dimensional Man. Study of the Ideology of a Developed Industrial Society. translation from English, M.] in Russian
  • Malaskhia G. (2013). ukmi ekonomika. [Ineffective Ekonomy, Tb.] in Georgian
  • Malaskhia G. (2020) simdidris dagrovebis kanoni da ketildgheoba. [The law of Accumulation of Wealth and Prosperity. Economics and Business # 4.] in Georgian
  • Meadows D. et al (1991). Predely rosta. [Limits to Growth, translated from English. .,  in Russian
  • Pareto V. (2007) Sotsialisticheskiye sistemy [The Socialist System, translated from English. M.] in Russian
  • Pigou A. (1985) Ekonomicheskaya teoriya blagosostoyaniya. [Economic Theory of Welfare Progress Publishing House, translated from English.] in Russian
  • Plato. (1971) Sochineniye. [Works. vol. 3, part II, M ,. With.] in Russian
  • Rawls J. (1995) Teoriya spravedlivosti  [The Theory of Justice, Novosibirsk.] in Russian
  • Rousseau J-J. Izbrannoye sochineniye [favorit op.  in 3 volumes.Vol. 1.-M.] in Russian
  • Samuelson P. (1993). "Economy" [“Economics”, translated from English. M.] in Russian
  • Smith A. (1935). Issledovaniye o prirode i prichinakh narodov.[Research on the Nature and Causes of Peoples. Translated from English. vol. 1, M.] in Russian
  • Arrow CJ. (2004). Neopredelennost i ekonomika blagosostoyaniya. Vekhi ekonomicheskoy mysli. [Uncertainty and Welfare Economics. Milestones in Economic Thought, translated from English, v.4 ... SPb.]  in Russian
  • Juvenal. Decimus (1989). Satiry [Satirs. M; L] in Russian
  • Jung K. (1998). Psikhologicheskiye tipy. [Psychological Types. Translated from English. M., 1998. ] in Russian
  • Malashkhia  G. (2013) Moderate  Man.  Tb.,  in Georgian
  • Zombart W. ( 1922). Luxus und kapitalismus. [Luxury and Capitalism. München und Leipzig,  р. 72.] In German.


[1]  გაანგარიშებულია  https||rbc.ru  экономика  აღებული მონაცემების მიხედვით.